RSM, გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია, საქართველოს ბაზარზე 10 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგების შეჯამების შემდეგ, ახალ კვარტალს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. RSM საქართველოს გიორგი თაბუაშვილი შემოურთდა, ახალი პარტნიორი გადასახადების და სამთავრებო რეგულაციების მიმართულებით.
გიორგი თაბუაშვილს, საგადასახადო და სამთავრობო რეგულაციების ექსპერტს, 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს სამთავრობო სტრუქტურებში, კერძო კომპანიებში და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. RSM საქართველოს შემოერთებამდე, 2012 წლიდან გიორგი იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ხოლო 2014 წლიდან ამასთანავე ითავსებდა - შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიციას. 2002 - 2012 წლებში სხვადასხვა დროს, გიორგი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში ეკონომისტად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელად, ფინანსურ დირექტორად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (GOGC), მარაბდა-კარწახის რკინიგზაში (Baku-Tbilisi-Kars Railway), ფარმაცევტულ კომპანია ფაიზერში (Pfizer Luxembourg SARL) და სხვა. გარდა ამისა, მას გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და განვითარების პარტნიორების (WB, EBRD, USAID, EU, DFID, UNDP) პროექტებში მუშაობის დიდი გამოცდილება. გიორგის მინიჭებული აქვს ილინოის უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური განვითარების და საჯარო ფინანსების მიმართულებით, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი მაკროეკონომიკაში და სამართალმცოდნეობაში და მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) პროექტების მართვის მაგისტრის სერთიფიკატი.
გიორგი კვინიკაძე, RSM საქართველოს გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი: “მოხარული ვარ, რომ გიორგისთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენს გუნდს შემოუერთდა ახალი პარტნიორი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი. სამუშაო კარიერის განმავლობაში გიორგის უშუალო ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოში საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, საჯარო და კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სფეროში. გიორგის დონის ექსპერტის შემოერთებას, მისი სამუშაო გამოცდილების და განათლების გათვალისწინებით, სინერგიული ეფექტი ექნება კომპანიის საგადასახადო და სამთავრობო რეგულაციების მიმართულებაზე და ხელს შეუწყობს RSM საქართველოს შემდგომ განვითარებას”.
გიორგი თაბუაშვილი, პარტნიორი საგადასახადო და სამთავრობო რეგულაციების მიმართულებით: “საჯარო სექტორში ბოლო დროინდელი მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმიანობა ახლა უკვე კერძო სექტორში, კერძოდ კი ბიზნესის პროფესიული მომსახურების სეგმენტში გავაგრძელე. მოხარული ვარ, რომ ჩემი კარიერა სწორედ პროფესიული მომსახურების საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის წევრ კომპანიას - RSM საქართველოს დავუკავშირე. კომპანიასთან ჩემი თანამშრომლობა, პირველ რიგში გულისხმობს RSM საქართველოს პროფესიონალების გუნდთან ერთად ბიზნეს სექტორს საგადასახადო და სამთავრობო რეგულაციების მიმართულებით, მათ საჭიროებებზე მორგებული მაღალი დონის პროფესიული მომსახურებები და ოპტიმალური გადაწყვეტები შევთავაზოთ, რაც მათ მისცემს საშუალებას მეტი დრო და რესურსი უშუალოდ ბიზნესის სტაბილურ ზრდა-განვითარებას მოახმარონ, ხოლო მაღალი დონის პროფესიული მომსახურებით მინიმუმამდე შეამცირონ უარყოფითი რისკების ალბათობა”.
RSM-ის გლობალური ქსელი აერთიანებს 116-ზე მეტ ქვეყანას, 750-მდე ოფისსა და 41 000 პროფესიონალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კომპანია წარმოდგენილია 100-მდე პროფესიონალით და 2 ოფისით. RSM საქართველო, საგადასახადო და სამთავრობო რეგულაციების მომსახურების გარდა, ბიზნესკომპანიებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებების მომზადების (IFRS), აუდიტის (ISA), საბუღალტრო აუთსორსინგის, კერძო ქონების შეფასების სერვისებს და სრულ სამართლებლივ მხარდაჭერას. კომპანიის ქვებრენდი, RSM საქართველო სოლუშენსი, წარმოადგენს მსოფლიო კლასის ბრენდების პარტნიორს, რის საფუძველზეც ნერგავს SAP Business One-ის და NetSuite-ის პროგრამულ გადაწყვეტილებებს ე.წ. ERP სისტემებს, ახდენს მათ ინტეგრაციას და გასცემს შესაბამის ლიცენზიებს.
RSM-ის გლობალური ქსელი საშუალებას იძლევა კლიენტმა კომპანიებმა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, საერთაშორისო დონის უმაღლესი ხარისხის სერვისი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ RSM-ის კლიენტთა ბაზა მოიცავს როგორც ზრდაზე ორიენტირებულ სამეწარმეო ბიზნეს კომპანიებს, ისე სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე წამყვან მულტინაციონალურ ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე.