გარემოში, სადაც ყოველდღიურად იცვლება თუ როგორ ვმუშაობთ, როგორ ვუდგებით გამოწვევებს და როგორ ვქმნით ღირებულებას ბიზნესისა თუ საზოგადოებისთვის, უმნიშვნელოვანესია კომპანიებმა უწყვეტად იფიქრონ განვითარებაზე. ხშირად ვკითხულობთ, რომ ინოვაცია, მიუხედავად მისი მასშტაბებისა, გვაძლევს შესაძლებლობას ბაზარზე ვიყოთ  კონკურენტუნარიანები და ფეხი ავუწყოთ მომავალს. თუმცა როგორ და სად ვიპოვნოთ ინოვაცია? რამდენად აქვს კომპანიის მენეჯმენტს იმის რესურსი, რომ მუდმივად ჩასაფრებული იყოს სიახლეებზე და თავადაც დამოუკიდებლად, უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს ბაზარს სიახლე? როგორ უნდა იყოს კომპანია ინოვაციური? 

გვინდა გაგიზიაროთ RSM ევროპის პრაქტიკა, თუ როგორ გააძლიერეს გუნდში ინოვაციური კულტურა და როგორ გააერთიანეს ადამიანები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან  შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად. 

RSM ევროპამ შექმნა ინიციატივა „Forward Sprint”, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა, დამწყებ პროფესიონალებს მთელი ევროპიდან. პროექტის ფორმატში იქმნება იდეების, ცოდნისა და გამოცდილების ერთგვარი საბადო, რომელიც ერთის მხრივ ახალგაზრდებს ეხმარება გაიფართოვონ მათი აზროვნების არეალი და გაიუმჯობესონ შემოქმედებითი აზროვნება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ორგანიზაციას აღმოაჩინოს შესაძლებლობები და ინოვაციური მიდგომები კომპანიის მომავალი განვითარებისთვის. 

რა ძირითად ჩარჩოს ეფუძნება Forward Sprint?

კოლაბორაცია: იმისათვის, რომ კომპანიამ არასოდეს შეწყვიტოს განვითარება, მნიშვნელოვანია თანამშრომლებს მისცე ერთად მუშაობისა და კოლაბორაციის შესაძლებლობა, რაც ქმნის კოლექტიურ ცოდნასა და გამოცდილებას. თანამშრომლობა და ერთობლივი მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე გვეხმარება ჩვენი ინდივიდუალური თუ სუბიექტური აღქმა, შეზღუდვები გვერდით გადავდოთ და ვიპოვნოთ ახლებური გზა მიზნის მისაღწევად. 

კოლაბორაცია არის RSM-ის დნმ-ის ხუთი ძირითადი საყრდენიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ეფექტური თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა პერსპექტივებისა და გამოცდილების გაერთიანებას. ცოდნისა და იდეების ღიად გაზიარებით, გუნდებს შეუძლიათ შექმნან პოტენციური გადაწყვეტილებების უფრო ფართო სპექტრი. კოლექტიური ინტელექტი, რომელიც კოლაბორაციის შედეგად ყალიბდება, ხელს უწყობს კრეატიულობას და ინოვაციებს, რადგან ინდივიდები ეცნობიან მრავალფეროვან მოსაზრებებს, ადარებენ არსებულ მიდგომებს და პოულობენ პრობლემის გადაჭრის უფრო ყოვლისმომცველ და ეფექტურ გზებს. 

Forward Sprint მიზნად ისახავს დამწყებ პროფესიონალებს ქსელის მასშტაბით ჰქონდეთ კოლაბორაციის უპრეცენდენტო გამოცდილება. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ძალიან საინტერესო ქეისებზე, იპოვნონ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზები და ამ ფორმით განავითარონ თავიანთი ინოვაციური და კრეატიული აზროვნება. გარდა ამისა, პროექტი ახალი თაობის წარმომადგენლებს ეხმარება გააფართოვონ თავიანთი მხედველობის არეალი და გასცდნენ ჩარჩოებს, რომელიც გარკვეულ გარემოში შეიძლება ჩამოყალიბდეს.  გუნდებში კოლაბორაციით, მონაწილეები წახალისებულნი არიან, დაუპირისპირდნენ დაშვებებს, დაეყრდნოთ ერთმანეთის ძლიერ მხარეებს და შეიმუშაონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები რთული ბიზნეს გამოწვევებისთვის.

კარიერის დამწყებ საფეხურზე მყოფ პირებზე აქცენტირება  RSM-ის სტრატეგიული ნაბიჯია. სწორედ ახალგაზრდა პროფესიონალებს აქვთ განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შემოსაზღვრული ინდუსტრიაში დადგენილი ნორმებით. ენთუზიაზმი და ადაპტირების უნარი მათ იდეალურ კატალიზატორებად აქცევს ინოვაციებისთვის. Forward Sprint ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის, რაც ერთის მხრივ ორიენტირებულია მათი უნარების განვითარებაზე, მეორე მხრივ კი ეხმარება ორგანიზაციას განვითარებაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მომავლის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

შემოქმედებითი აზროვნების წახალისება და საზღვრების წაშლა: ჭეშმარიტად ინოვაციური გარემოს გასაძლიერებლად აუცილებელია ორგანიზაციებში შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ინდივიდები არ შეუშინდებიან განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და შემოქმედებითად ფიქრს.  Forward Sprint-ის ფარგლებში RSM-მა შეძლო მხარდამჭერი და ინკლუზიური ატმოსფეროს ჩამოყალიბება. გუნდური აქტივობები, ღია და მკაფიო კომუნიკაცია, ასევე ექსპერიმენტებზე ფოკუსირება ხელს უწყობს მონაწილეებს დააფიქსირონ არატრადიციული იდეები, ისე რომ არ ჰქონდეთ წარუმატებლობის შიში. პროგრამა დაფუძნებულია თამაშით და გართობით სწავლასა და გაზიარებაზე, რაც აყალიბებს ნდობას მონაწილეებს შორის და ათავისუფლებს მათ, რომ ღიად გამოხატონ მოსაზრებები.  

სტრუქტურირებულ მიდგომებსა და თავისუფლებას შორის ბალანსი: მიუხედავად იმისა, რომ კრეატიულობის გასავითარებლად უმნიშვნელოვანესია თავისუფლება, ორგანიზაციებს ეფექტური ფუნქციონირებისთვის  სჭირდება გარკვეული პროცედურებისა და ჩარჩოების არსებობა. ამ ყველაფერში სწორი ბალანსის პოვნა ქმნის გარემოს, სადაც იბადება ინოვაციები. 

Forward Sprint-იც ცხადია გარკვეული სტრუქტურის მიხედვით იმართება, თუმცა ის ტოვებს  სივრცეს ექსპერიმენტებისა და ადაპტაციისთვის. სტრუქტურირებული სემინარების, წინასწარ შემუშავებული კვლევის მეთოდოლოგიების და ჯგუფური ფასილიტაციის კომბინაციით, ჩვენ მონაწილეებს ვაძლევთ შესაძლებლობას გზა მისცენ ფანტაზიას, ჩამოაყალიბონ გუნდში მეგობრული ურთიერთობები, სადაც “გაზიარება” საინტერესო და სასარგებლოა და, საბოლოოდ, მიაგნონ ინოვაციებს.

რისკების მიმღებლობა: გასაკვირი არაა, რომ ყველა ინოვაციას და სიახლეს თან ახლავს გარკვეული რისკები. თუმცა თუ ორგანიზაცია არ არის მზად აღნიშნული რისკებისთვის, ის უარს ამბობს მკვეთრად პროგრესულ ნაბიჯებზეც. Forward Sprint-ი ამ მიმართულებითაც მუშაობს ახალგაზრდებში, რომ მარცხის ასოცირება მოხდეს როგორც „გაკვეთილი“ და „სწავლის შესაძლებლობა“. აქ მონაწილეები ექსპერიმენტებს ატარებენ გარემოში, სადაც არ არსებობს „შეცდომა“, იმიტომ რომ ყველა იდეა არის ღირებული, ყველა მათგანი ღირს განხილვად და თავად მონაწილეების გადასაწყვეტია, რომელი იდეა იქნება მათი პროექტისთვის უფრო მომგებიანი. აღსანიშნავია, რომ ადამიანები უფრო მარტივად მიდიან რისკზე, როცა მათ უკან მთელი გუნდია და მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ, რამაც შეიძლება წაახალისოს იდეა და ინოვაცია. 

ორგანიზაციის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინოვაცია, ინოვაციებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებას კი თავისი მეთოდები აქვს. 

Forward Sprint-ი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირება ახალგაზრდა ტალანტების გაძლიერებისთვის.  კოლაბორაციული კულტურის, კრეატიულობის, რისკების მიმღებლობის ხელშეწყობით, სტრუქტურირებულ მიდგომებსა და თავისუფლებას შორის სწორი ბალანსის აღმოჩენით აღნიშნული პროგრამა ემსახურება დამწყებ პროფესიონალებს მისცეს შესაბამისი უნარები ინოვაციური აზროვნების გასავითარებლად. RSM საქართველოს გუნდი მოუთმენლად ელის Forward Sprint 2025-ის შესარჩევ ეტაპს, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ ინიციატივაში და სხვა ევროპელ კოლეგებს გავუზიაროთ ლოკალური გამოცდილება, ცოდნა და იდეები, რომელიც უხვად გვაქვს.   
მუდმივად განვითარებადი ეკონომიკური გარემოს პირობებში, მსგავსი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ იყვნენ კონკურენტუნარიანები საკუთარ სფეროში.

დაგვიკავშირდით